„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 41² (დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვის უფლება) თანახმად, საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ხოლო მომხმარებელ იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვთ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში.
მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.“