2024 წლის 23 დეკემბრიდან საკრედიტო მეგო ბარათის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც საკრედიტო ბარათი) მომსახურების პირობებში განხორციელდება შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

საკრედიტო ბარათს დაემატება ახალი ფინანსური ხარჯი - ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო და განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (შემდგომში - საკომისიო). საკომისიოს გადახდა მოხდება შემდეგი წესისა და პირობების გათვალისწინებით: 
 

  • საკომისიოს გადახდა ხდება წინასწარ, საკრედიტო ბარათით მომდევნო 1 (ერთი) წლის განმავლობაში სარგებლობისთვის;
  • საკომისიოს გადახდის ვალდებულება მომხმარებელს წარმოეშვება საკრედიტო ბარათის გაცემისთანავე, იმის მიუხედავად, ისარგებლებს თუ არა დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტით ან/და საკრედიტო ბარათით. ყოველი მომდევნო პერიოდის საკომისიოს გადახდა მოხდება ბარათის გაცემიდან ყოველი 1 (ერთი) წლიანი პერიოდის გასვლის თარიღის მომდევნო კალენდარული თვის პირველ რიცხვში (თუ ასეთი თარიღი დაემთხვევა არასაბანკო დღეს, გადახდა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს). ამასთან, საკომისიოს გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღამდე გასულ/დაწყებულ ბარათით სარგებლობის 1 (ერთი) წლიან პერიოდ(ებ)ზე.

მაგალითი: თუ თქვენი საკრედიტო ბარათი გაცემულია 2023 წლის 01 ივნისს და ბარათის მოქმედების ვადაა 4 წელი, თქვენ პირველი საკომისიოს გადახდის ვალდებულება წარმოგეშვებათ 2025 წლის 01 ივლისს და აღნიშნული საკომისიო გათვალისწინებული იქნება 2025 წლის 01 ივნისიდან 2026 წლის 01 ივნისამდე სარგებლობისთვის, ხოლო მომდევნო გადახდის ვალდებულება - 2026 წლის 01 ივლისს და ა.შ. ბარათის მოქმედების ვადის ბოლომდე.
 

  • ბანკი უფლებამოსილი იქნება, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე,  ვადამოსული საკომისიოს თანხა ჩამოჭრას საკრედიტო ბარათის ლიმიტის თანხიდანაც. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ანგარიშზე არ იქნება განთავსებული საკომისიოს დასაფარად საჭირო თანხა, მომხმარებელს  დაუფიქსირდება  საკომისიო დავალიანება და ბანკში გახსნილი მომხმარებლის  საკრედიტო ბარათის ანგარიშზე ნებისმიერი დადებითი ნაშთის აღმოჩენისთანავე მოხდება საკომისიოს ჩამოჭრა. 


იცვლება საკრედიტო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების ტარიფები და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
 

  • საკრედიტო ლიმიტის გადარიცხვის საკომისიო: გადასარიცხი თანხის 3.5% (სამი მთელი ხუთი მეათედი პროცენტი), მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარის;
  • საკრედიტო ბარათიდან (როგორც საკუთარი თანხის, ასევე საკრედიტო ლიმიტის შემთხვევაში) განაღდების საკომისიო სს ბაზისბანკის და პარტნიორი ბანკ(ებ)ის ბანკომატ(ებ)ში*, ასევე სს ბაზისბანკის ფილიალებში: განაღდებული თანხის 3.5% (სამი მთელი ხუთი მეათედი პროცენტი), მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარის.


ხელშეკრულების განახლებული/შეცვლილი მნიშვნელოვანი პირობები (თავსართი) და ხელშეკრულება ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 23 დეკემბრიდან სს ბაზისბანკის ფილიალებში, ასევე დისტანციური მომსახურების არხებში (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი). 

საკრედიტო ბარათის შეცვლილი ტარიფები ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.bb.ge


**პარტნიორი ბანკები: თიბისი ბანკი, ხალიკ ბანკი, ბანკი ქართუ, ზირაათ ბანკი


ზემოთ აღწერილი ცვლილებები ძალაში შედის 2024 წლის 23 დეკემბერიდან, თუმცა, უფლება გაქვთ, აღნიშნულ თარიღამდე ბანკის ნებისმიერი ფილიალის ან დისტანციური მომსახურების არხის საშუალებით უარი განაცხადოთ შემოთავაზებულ ცვლილებებზე და მოითხოვოთ საკრედიტო ბარათის გაუქმება, იმ პირობით, რომ 2024 წლის 23 დეკემბრამდე საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე ყველა ვალდებულებას სრულად დაფარავთ  ან ბანკთან გააფორმებთ შეთანხმებას აღნიშნული ვალდებულებების თანაბარ წილებად დაფარვაზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სს „ბაზისბანკი“-ს ნებისმიერ  ფილიალს ან დაგვიკავშირდით *9292